ინკლუზიური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართვას გულისხმობს სასკოლო პროცესში, რაც საქართველოში 2004 წლიდან დაინერგა. ამ პროგრამის სტრატეგიული მიზანია შეცვალოს დამოკიდებულება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ. საწყის ეტაპზე თბილისის მასშტაბით ათი საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც სათანადო პირობები უნდა შეუქმნას ამ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ განათლება, განავითარონ თავიანთი სულიერი სამყარო, დაიცვან საკუთარი აზრი, უფლებები და პიროვნული ღირსებები.
ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ინკლუზიური სწავლება საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი მიმაართულებაა. იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრები მუშაობდნენ უნარ შეზღუდულ ბავშვებთან შეიქმნა განათლების ფაკულტეტი, სადაც ინკლუზიური განათლების თეორიასა და პრაქტიკას შეასწავლიან. ეს პროგრამა 2007 წლიდან შემუშავდა მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც პედაგოგიკისა და განათლების ფსიქოლოგიის ბაზისური ცოდნა აქვთ და სურთ, რომ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები გახდნენ. ამასთან ერთად სკოლები ფიზიკურად მომზადდა ინკლუზიური სწავლებისთვის.
მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მათ სკოლას 2007 წლიდან გადაეცა სპეციალური ავტობუსი ნორვეგიის მთავრობისგან, რაც მოსწავლეების სკოლაში ტარების უწყვეტ საშუალებას აძლევდათ: ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ ბავშვების იზოლირება იწვევს სეგრეგაციას და ხდება მათი უნარების უფრო მეტად შეზღუდვა. ინკლუზიურ პროგრამით სწავლა კი იწვევს მათ ჩართულობას საზოგადოებაში.”
უნარ შეზღუდული ბავშვებისათვის საკმაოდ რთულია საგაკვეთილო პროცესზე სრულად დასწრება. ამ შემთხვევაში ყველა ინტეგრირებულ სკოლაში არსებობს რესურს ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს განტვირთვაში.
”თითოეულ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, რადგან ამ ბავშვების მასალის ათვისების უნარი და მათი შესაძლებლობები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან”, ამბობს მამუკა კარტოზია, რომელიც პროფესიით ინჟინერია. ის ახლა სპეციალურ პედაგოგად მუშაობს სკოლაში და სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ეხმარება პროგრამის ათვისებაში.
ნიკუშა მარგველაშვილს ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს, რაც ყურადღების გაფანტულობაში, ემოციის და ქცევის აგრესიულობაში ვლინდება. ის პირველ კლასში სწავლობს და ძალიან მოუსვენარია. მასწავლებელს ჯერ დაწერილი არ აქვს დაფაზე დავალება, რომ ნიკუშა უკვე მის წაშლას იწყებს. ამისკენ ნიკუშა კლასის სხვა მოსწავლეებსაც უბიძგებს, რაც დიდ არეულობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები პატარები არიან და მათი გაკონტროლება რთულია. რადგან ნიკუშას მასწავლებელი შენიშვნას არ აძლევს ბავშვები ფიქრობენ, რომ ეს დასაშვებია და თვითონაც ეხმარებიან მას. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მასწავლებელი? პრობლემაც ეს არის, რომ ძირითადად არ იციან, რა უფრო მიზანშეწონილია, დასჯა, თუ ამ მოსწავლეების საქციელის უგულებელყოფა. მე-10 საჯარო სკოლის ფსიქოლოგის, თამუნა იორამაშვილის რჩევით კი, ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული იქნება, თუ ასეთი მოსწავლის არაადეკვატურ საქციელს გავამრთლებთ და ბავშვებსაც ავუხსნით, რომ ეს სწორია, ოღონდ მხოლოდ ნიკუშას აქვს ამის უფლება.
თამუნა იორამაშვილის განმარტებით, ძალიან ხშირად მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ თავიანთ ბავშვს აქვს პრობლემა და აქედან გამომდინარე რეაბილიტაციის არასწორ ფორმას ირჩევენ. ისინი ფიქრობენ, რომ არსებობს ამ პრობლემის დაძლევის სხვა გზები, რომლის ძებნაშიც საკმაოდ დიდი დრო იკარგება და იზრდება ბავშვის იზოლირების საფრთხე.
ნუციკო ჭელიძესაც, რომელიც ასევე პირველ კლასშია, ჰიპერაქტიურობის სინდრომი აქვს. ის მასწავლებლისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ნუცას არ შეუძლია პატარა მოთხრობის წაკითხვა, ამიტომ მასწავლებელი მცირე მონაკვეთის წაკითხვას თხოვს. თუკი ის კარგად წაიკითხავს, კარგ შეფასებასაც დაიმსახურებს პედაგოგისაგან, რაც აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან სწორედ ეს არის ნუცასთვის სასწავლო მიზანი.
ყველა ინკლუზიურ სკოლაში სპეციალური სასწავლო გეგმა მუშავდება თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალუარად, რაც მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შედეგად მათთან მუშაობა ბევრად უფრო გამარტივებულია.
„ის კლასები, სადაც სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს სწავლობენ, გამოირჩევიან მეტი დისციპლინირებით, ორგანიზებულობით, მზრუნველობი და კიდევ ბევრი კარგი თვისებით ”- ამბობს მე-10 საჯარო სკოლის დეირექტორი ბელა ხუბუტია.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბაშვებს აქმდე მხოლოდ სპეციალიზირებულ სკოლებში შეეძლოთ ცოდნის შეძენა. ისინი იზოლირებული და გარიყულები იყვნენ საზოგადოებისგან. ახლა კი საჯარო სკოლებში სწავლობენ და ჩათულები არიან საგაკვეთილო პროცესში, თუმცა, ეს ყველაფერი დროებითია. სკოლის დამთავრების შემდეგ უნარშეზღუდული ბავშვების მომავალი კვლავ გაურკვეველია.
No comments:
Post a Comment