დღეს სასტუმრო ”რედისონ სას ივერია”-ში ევროკავშირისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
მოკლე პრეზენტაცია საგადასახადო ადმინისტრაციის ახალ რეფორმას შეეხო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ”GORBI-მ” (”human dinamics”-ის პროექტის ”საგადასახადო ადმინისტრაციის რეფორმის ხელშეწყობა” დაკვეთით), შეისწავლა ბაზარი და გაიგო საზოგადოებრივი აზრი, თუ როგორ მომსახურებას უწევს მათ საგადასახადო ადმინისტრაცია და გაზრდილია თუ არა საზოგადოების ინფორმირებულობის დონე . კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი აზრი შემოსავლების სამსახურის მიმართ პოზიტიურად შეიცვალა(2-3%-ით). მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის გადამხდელები ასახელებენ:
- გადამხდელის მომსახურების ცენტრების შექმნას ქვეყნის მასშტაბით და ”ერთი ფანჯრის” პრინციპის შექმნას;
- ”სატელეფონო ცენტრის” შექმნას (077), რომელიც გადამხდელების ინფორმირებას უწყობს ხელს;
- ინტერნეტ-მომსახურებას, რომლის საშუალებითაც გადამხდელს შეუძლია სრული ინფორმაციის მიღება საკუთრი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ზაზა ჭელიძის განცხადებით: ”იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გადასახადებს ინტერნეტით გადაიხდიან, იქნება წამახალისებელი შეღავათები. რათა მოვახდინოთ ახლად დანერგილი პროექტის რეალიზება.”
ევროკავშირის წარმომადგენლის ბილო ქერნოუს თქმით, პროექტის ბიუჯეტი მილიონ ნახევარ ევროს შეადგენს. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავდა, საგადასახადო ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო მართვის ევროპული სტილის ინსტიტუტის შექმნასა და საგადასახადო ხელმძღვანელ პირებსა და გადამხდელებს შორის ნდობის ფაქტორის გაჩენას. ასევე შემოსავლების სამსახურის დახმარებას, რათა მან მომსახურების თანამედროვე სტანდარტები შესთავაზოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს გადამხდელებს საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ამისათვის დაიბეჭდა გადამხდელებისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები, სამახსოვროები, გზამკვლევები, პრაქტიკული და პროფესიული რჩევები. პროექტის ფარგლებში, საგადასახადო მოხელეებს ჩაუტარდათ ტრეინინგი, თუ როგორ მოემსახურონ გადამხდელებს.
”ცვლილებები ყოველთვის რთულია, თუმცა უმთავრეს წარმატებად იმას მივიჩნევთ, რომ ეს იყო გრძელვადიანი (4წელი), მაგრამ წარმატებული პროექტი” - განაცხადა ”human dinamics”-ის წარმომადგენელმა პერ ეკლუნდმა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ოძელაშვილმა აღნიშნა ,რომ რეფორმამდე არ არსებობდა საინფორმაციო ცენტრები, იყო სრული ინფორმაციული ვაკუუმი გადამხდელებსა და საგადასახადო სამსახურებს შორის. პროექტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საგადასახადო ორგანოსათვის, ვინაიდან ამ პროექტის დახმარებით დაიხვეწა გადამხდელთა მომსახურება, უფრო გამჭვირვალე და შესაძლებელი გახდა საგადასახადო სიახლეებზე ინფორმაციის მიწოდება.
მწერალი: მანანა ნოზაძე
რედაქტორი: გვანცა გორდეზიანი