Sunday, October 18, 2009

ახალი მედიის ფორუმი საქართველოში სხვისი თვალით

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ქართველების სტუმარ-მასპინძლობით მეც ისევე ვარ გაკვირვებული და აღფრთოვანებული, როგორც ყველა სხვა უცხოელი, რომელსაც ამ მიწაზე ფეხი დაუდგამს. ალბათ ისიც გაინტერესებთ რატომ ჩამოვედი? პროექტი, რომლის ფარგლებშიც მე აქ ვიმყოფები, ახალი მედიის განვითარებაა განვითარებად და ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა და ცხოვრების დონე მკვეთრად უმჯობესდება. ქართველი საზოგადოება დაინტერესებულია სიახლეებით და მეც მინდა, რომ წვლილი შევიტანო ამაში.
დღეს პირველი დღეა, როცა ტრეინინგი უნდა ჩავატარო ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე, მისი გამოყენების შესაძლებლობებზე და ძალიან ვნერვიულობ. მაინტერესებს, როგორ შეხვდება ამას ქართველი მაყურებელი. ჩემი ინფორმაციით მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენა ახალი მედიის საშუალებებზე.
ფორუმი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი დამთავრდა. მე კი ემოციურად კვლავ ისე ვარ დატვირთული და აღელვებული თითქოს, ისევ პირველი დრეა.
ქართველები ძალიან უცნაური ერია. მათ საუკუნეების ისტორია აქვთ და ახლა ჩვენ ამერიკელები, რომლებიც მათ ასაკთან შედარებით მხოლოდ ჩვილები ვართ, რაღაცეებს ვასწავლით.
როდესაც ლექციას ვკითხულობდი, თან დამსწრე საზოგადოებას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი გამერკვია რას გრძნობდნენ, გაიგეს თუ არა ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობდი.
საუბრის დასაწყისში შევეცადე მეხუმრა, რადგან მინდოდა დაძაბულობა განმემუხტა, მაგრამ სულ ამაოდ, მხოლოდ მათი გაღიმება მოვახერხე და ისიც ძალით, როცა მე კინაღამ სიცილით მოვკვდი.
რამდენიმე შეკითხვაც დამისვეს, ზოგი ქართულად მეკითხებოდა და ზოგიც ინგლისურად, ალბათ უნდოდათ დაენახებინათ, რომ ინგლისური კარგად იციან, რადგან თარჯიმანს მათი ნათქვამის ქართულად თარგმნა უწევდა დანარჩენი საზოგადოებისთვის. მათ კი, ვინც ქართულად მეკითხებოდნენ, ან ინგლისური არ იცოდნენ, ან პრინციპულად მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ, ისინი ხომ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ. ამ სიტუაციით, თავად თარჯიმანიც კი დააბნია და ვის რას უთარგმნიდა ვეღარ გაიგო. როცა ჩემი საუბრის თემა track-ზე გადავიტანე და ვხსნიდი მის დანიშნულებას, თარჯიმანმა ქართული კომბინაციით თარგმნა track-ში, რამაც ქართველებში ისეთი აჟიოტაჟი და სიცილ-ხითხითი გამოიწვია, რომ საერთოდ აღარ გავდა იმ ხალხს, რომლიც სულ რამდენიმე წუთის წინ ზრდილობის გამო იცინოდა.
ლექციის დასასრულს ველოდებოდი, რომ რამეს მკითხავდნენ, მაგრამ ამაოდ. ალბათ ინტერესი ვერ გავაღვივე, თან უკვე 14 საათი ხდებოდა და ”lunch”-ისკენ მიიჩქაროდნენ. თუ სიმართლე გაინტერესებთ, მეც მათ უკან გავყევი და სიამოვნებით მივირთვი, რაც ე.წ. ”ფურშეტზე” იყო წარმოდგენილი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ტრადიციული სამზარეულო უფრო გემრიელია: ხინკალი, მწვადი, ქაბაბი...... მაგრამ ეს უკვე ახალი ბლოგის თემაა.
ახლა, სახლისკენ მიმავალი ვცდილობ ჩემი აზრები და ემოციები თანმივდევრულად დავაწყო და ისე გადმოვცე, რომ ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, რისი დიდი იმედიც მაქვს.
ავტორის გარეშე