Thursday, October 22, 2009

იტალიური ენის კვირეული თბილისში





თბილისში იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დაიწყო, რომელის ფარგლებში, ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა იგეგმება.
კვირეული იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეურვეობით, რუსთაველის თეატრისა და შვეიცარიის საელოჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ახალგაზრდა მსახიობების, დრამატურგებისა და რეჟისორების შემოქმედებას.
კვირეულში წარმოდგენილი იქნება: სპირო შიმონეს მძაფრი ირონიით გაჟღენთილი ნაწარმოებები: ”დღესასწაული” და ”კონვერტი”. აქვე შეუძლია მაყურებელს იხილოს, დრამატურგისა და მსახიობის, ფაუსტო პარავიდინოს პიესა - ”ორი ძმა - 53 დღიანი ტრაგედია ოთახისთვის” , მწერალ ჯონათან ლევის - ”სხეულთა ვარდნა” და ფაუსტო პარავიდინოს პიესა ”ნატურმორტი თხრილში”. სპექტაკლები რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იქნება წარმოდგენილი, იტალიურ და ქართულ ენაზე, რომელიც 3 და 6 საათზე გაიმართება.
იტალიის საელჩოს თანამშრომელის ხათუნა ცხადაძის განმარტებით, ოთხივე პიესა სტუდენტების მიერ ითარგმნა. ”უკვე მე-9 წელია, რაც ეს ფესტივალი ტარდება საქართველოში და კიდევ გაგრძელდება, რადგან უკვე ტრადიციად იქცა”.
იტალიის საელჩოს კულტურის ატაშემ - როზალია კორადომ განაცხადა: ”ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ერთობლივი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით წელს, რადგან ეს არის წინაპირობა სამომავლო პროექტისა, რის ფარგლებშიც იგეგმება ქართული სპექტაკლების იტალიაში გატანა.
დღეს წარმოდგენილი იყო, სპირო შიმონეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ”კონვერტი”, რომლიც მკვეთრად პოლიტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ინდივიდსა და ძალაუფლებას შორის კავშირზე გვიამბობს. რეჟისორი გიორგი ხარებავას თქმით, რეჟისორებს სულ რაღაც 2-3 კვირა ქონდა იმისათვის, რომ სპექტაკლი მაყურებლის წინაშე წარედგინათ: ” არაპროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა სულაც არ იყო ისეთი რთული, როგორც წარმომედგინა. პირიქით ძალიან საინტერესოც კია”-განაცხადა მან.
სპექტაკლის მთავარი როლის შემსრულებელს მარჩელა ბანიონს, აქამდე მხოლოდ სკოლის თეატრში უთამაშია,თუმცა როგორც თავად აღნიშნა:” მართლაც ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა და რაც მთავარია როლები მოვარგეთ ჩვენს პიროვნებებს”. კითხვაზე აპირებს თუ არა მსახიობობას, პასუხობს, რომ უკვე ძალიან გვინია მისთვის პროფესიის შეცვლა, მაგრამ ასეთ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
ფესტივალი 25 ოქტომბერს დენის რაბალიას ფილმით ”მარჩელო მარჩელო” დაიხურება. კინოჩვენება იტალიურ ენაზე იქნება (ქართული სუბტიტრებით). ვისაც იტალიური ხელოვნება და შემოქმედება უყვარს, ეს კვირა ნამდვილად მათთვისაა.

No comments:

Post a Comment